უსაფრთხოების კულტურის დანერგვა
მოახდინეთ უსაფრთხოების ინტეგრაცია თქვენს ყოველდღიურ საწარმოო სტრუქტურაში
როგორც ეს დეტალურად აღწერილია Tactical Tech-ის „ყოვლისმომცველი უსაფრთხოების სახელმძღვანელოში“, მეტად მნიშვნელოვანია, მუდმივად ვიქონიოთ უსაფრთხო სივრცე უსაფრთხოების სხვადასხვა ასპექტზე სასაუბროდ. ამგვარად, თუ გუნდის წევრები შეშფოთდებიან უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ისინი ნაკლებად იღელვებენ თავის პარანოიდად წარმოჩენის ან სხვების დროის გაფლანგვის გამო. უსაფრთხოების შესახებ რეგულარული საუბრების დაგეგმვა ასევე ახდენს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინტერაქციის და ასახვის სიხშირის ნორმალიზებას ისე, რომ არ მოხდეს პრობლემების დავიწყება, ხოლო გუნდის წევრები, დიდი ალბათობით, სულ მცირე, უსაფრთხოების პასიურ ცნობიერებას შეიტანენ თავიანთ საქმიანობაში. არაა აუცილებელი ეს ყოველკვირეული იყოს, თუმცა, მიეცით მას პერიოდული ხასიათი. აღნიშნული დისკუსიები უნდა იყოს ადგილი არა მხოლოდ ტექნიკური უსაფრთხოების საკითხებისათვის, არამედ იმ პრობლემებისათვის, რომლებიც გავლენას ახდენს პერსონალის კომფორტზე და უსაფრთხოებაზე, როგორიცაა კონფლიქტი საზოგადოებაში, ონლაინ (და ოფლაინ) შევიწროება ან ციფრული ინსტრუმენტების გამოყენების და რეალიზაციის პრობლემები. საუბრები, შესაძლოა, ეხებოდეს ისეთ საკითხებსაც, როგორიცაა ოფლაინ ინფორმაცია - ჩვევების გაზიარება და მეთოდები, რომლებითაც პერსონალი იცავს ან არ იცავს ინფორმაციას სამსახურის მიღმა. ბოლოს და ბოლოს, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ორგანიზაციის უსაფრთხოება ძლიერია მისი უსუსტესი რგოლის დონეზე. ერთ-ერთი მეთოდი თანამიმდევრული ჩართულობის მისაღწევად არის უსაფრთხოების შეტანა რეგულარული კრებების დღის წესრიგში. ასევე, შეგიძლიათ, გაუნაწილოთ უსაფრთხოების თაობაზე დისკუსიის ორგანიზების და ფასილიტაციის პასუხისმგებლობა ორგანიზაციის წევრებს, რამაც შესაძლოა წარმოშვას აზრი, რომ უსაფრთხოების დაცვა არის არა მხოლოდ რამდენიმე თანამშრომლის ან IT-გუნდის, არამედ ყველას ვალდებულება. უსაფრთხოების თაობაზე დისკუსიისათვის ოფიციალური ხასიათის მინიჭების შემდეგ პერსონალი, სავარაუდოდ, უფრო კომფორტულად იგრძნობს თავს ხსენებული მნიშვნელოვანი საკითხების საკუთარ წრეში ან ნაკლებად ოფიციალურ გარემოში განხილვისას.
ასევე, მნიშვნელოვანია, ჩავრთოთ უსაფრთხოების ელემენტები ორგანიზაციის ჩვეულ საქმიანობაში, მაგ, ახალი თანამშრომლის მიღებისას ან სისტემებზე წვდომის გაუქმება თანამშრომლის გათავისუფლებისას. უსაფრთხოება არ უნდა იყოს რაღაც „დამატებითი“ წუხილის საგანი, არამედ უნდა იყოს თქვენი სტრატეგიის და ოპერაციების განუყოფელი ნაწილი.